Pink floyd


 
პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) – ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ცნობილი გახდა ფსიქოდელური მუსიკის შესრულებით, განვითარების მიხედვით კი - პროგრესული როკის ჟანრის მუსიკით. მისი სიმღერები ცნობილია ფილოსოფიური ლირიკით, სხვადასხვა მუსიკალური ექსპერიმენტით, ალბომების ყდების ნოვატორული გაფორმებით და ფერადი შოუებით. როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფის სახით, პინკ ფლოიდმა გაყიდა ალბომების 210 მილიონი ასლი, მათ შორის - 74.5 მილიონი ასლი მხოლო აშშ-ში. ჯგუფმა გავლენა იქონია პროგრესული როკის ისეთ

შემსრულებლებზე, როგორიც არის ჯენესისი და Yes.

პინკ ფლოიდი ჩამოყალიბდა ლონდონში, 1965 წელს, კემბრიჯიდან ჩამოსული სიდ ბარეტის მიერ, რომელიც შეუერთდა ჯგუფს The Tea Set. ამ ჯგუფში შედიოდნენ რეჯენტ სტრიტის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტები - ნიკ მეისონი, როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი და ბობ კლოუზი. ჯგუფი საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ ლონდონურ ანდერგრაუნდში ნამდვილ სენსაციად იქცა "პინკ ფლოიდის" სახელით, როდესაც 1967 წელს მიიღო ფსიქოდელიური იმიჯი. მიუხედავად ამისა, ბარეტის ექსცენტრიული ქცევის გამო წევრებმა მას ჯგუფი დაატოვებინეს და მას შეუერთდა დევიდ გილმორი. ბარეტის წასვლის შემდეგ მთავარ იდეოლოგიურ ძალად რჩებოდა როჯერ უოტერსი, სანამ 1985 არ დატოვა ჯგუფი. პინკ ფლოიდი ყოველთვის უზომოდ პოპულარული იყო ინგლისში, მაგრამ მსოფლიო წარმატება მოიპოვა ალბომებით The Dark Side of the Moon (1973), Wish You Were Here (1975), Animals (1977), და როკ-ოპერის მსგავსი ორმაგი დისკით The Wall (1979).



პინკ ფლოიდი წარმოიშვა უფრო ადრე არსებული ჯგუფიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1965 წელს- ამ კოლექტივს სხვადასხვა დროს ერქვა Sigma 6, The Megga Deaths, The Screaming Abdabs, და The Abdabs.ამ ჯგუფის დაშლის შემდეგ, რამდენიმე მუსიკოსმა - გიტარისტებმა რადო "ბობ" კლოუზმა და როჯერ უოტერსმა, ნიკ მეისონმა და რიჩარდ რაიტმა - ჩამოაყალიბეს ახალი კოლექტივი სახელად 'Tea Set'. ხანმოკლე მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფი დატოვა კრის დენისმა, მისი ადგილი დაიკავა სიდ ბარეტმა (ვოკალი, გიტარა), ხოლო უოტერსმა გადაინაცვლა ბას გიტარაზე.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ორ ჯგუფს ერთდროულად ეწოდება 'Tea Set', ამიტომაც ბარეტმა დაიწყო ორიგინალური სახელის ძებნა, რის შედეგადაც მან მიაგნო The Pink Floyd Sound-ს. ეს იყო მისი ორი საყვარელი ბლუზ მუსიკოსის, პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კაუნსილის სახელებიდან შექმნილი ფრაზა.თუმცა ჯგუფი მაინც მერყეობდა ძველსა და ახალ სახელებს შორის. საბოლოოდ მაინც მეორე ვარიანტი ამჯობინეს.სიტყვა Sound მალევე ამოაგდეს, მაგრამ არტიკლი The მაინც გამოიყენებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში.1984 წლამდე დევიდ გილმორი ხშირად ასახელებდა ჯგუფს, როგორც The Pink Floyd Sound, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღარ გამოუშვიათ ალბომები ამ სახელით.

1966 წლის ბოლოს ჯგუფი მიიწვიეს პიტერ უაიტჰედის ფილმისათვის Tonite Let's All Make Love in London რამდენიმე მუსიკალური თემის ჩასაწერად.საბოლოოდ, ისინი გადაიღეს ორი ნომრის, "Interstellar Overdrive" და "Nick's Boogie" იმპროვიზებული შესრულებისას (1967 წლის იანვარში).მიუხედავად იმისა, რომ სრული ვერსია არ შესულა ფილმში, მოგვიანებით იგი გამოიცა ცალკე ფილმის სახით, რომელსაც London '66 - '67 ეწოდება. პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჯგუფმა 1966 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა კომპანია Blackhill Enterprises, რომელიც იყო პარტნიორული გაერთიანება მათსა და მათ მენეჯერების, პიტერ ჯენერსა და ენდრიუ კინგს შორის.ამ პერიოდში ასევე გამოიცა პირველი სინგლები "Arnold Layne" (1967 წლის მარტი) და "See Emily Play" (1967 წლის ივნისი)."Arnold Layne"-მა 20-ე ადგილი დაიკავა ბრიტანული სინგლების სიაში, ხოლო "See Emily Play"-მ 6-ე ადგილს მიაღწია.ამან ჯგუფს მისცა პოპულარულ გადაცემაში Top of the Pops გამოსვლის საშუალება.უფრო ადრე, ისინი გამოჩნდნენ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში "It's So Far Out It's Straight Down", რომელიც გადაღებული იყო კლუბში UFO.ეს უკანასკნელი ნაჩვენები იყო 1967 წლის მარტში მხოლოდ ბრიტანეთის ტელეარხების მეშვეობით.